2 აგვისტო - ილიაობა

სერგო ვარდოსანიძე ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, მისი მრევლი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნავს წმიდა ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის ხსენების და თქვენი ანგელოზის დღეს.


როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ვგრძნობ, თუ რა რთული, მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს საქართველო, რომელსაც ყოველთვის ბეწვის ხიდზე უხდება სიარული. ერთადერთი გამაერთიანებელი, ბრძენი მოძღვართ-მოძღვარი, ვისაც შეუძლია განსაცდელებს აარიდოს ჩვენი ხალხი თქვენ ბრძანდებით. დიახ, თქვენ შეუცვლელი, აღიარებული ლიდერი, რომლის მრავალჟამიერ სიცოცხლე ძალიან სჭირდება საქართველოს.

ლევან ქისტაური ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი - რელიგიას დიდი გავლენა აქვს ცალკეული ინდივიდის ჩამოყალიბებასა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაზე. იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს. ქართველისათვის მამული, ენა, სარწმუნოება მუდამ ერთ მცნებას წარმოადგენდა. საუკუნეები მოვდიოდით ამ შეგნებით. მერე კი, როცა სახელმწიფოებრივი ფუნქცია დავკარეთ, როცა ქამარ-ხანჯალი კედლის მოსართავ სამკაულად გვექცა და ეროვნული აზროვნების ნაცვლად ამქვეყნიურ სიამეთა მოხვეჭაში გავერთეთ, გადაგვავიწყდა ცოდვებზე მოხეტიალე ჩვენი განძარცული სული. უწმინდესო, თქვენ ჩვენი სულიერი შეჭირვების სწორედ იმ უმძიმეს წლებში ჩაიბარეთ ეკლესიის საჭეთმყრობლის კვერთხი და ლამის ნახევარი საუკუნეა იობის მოთმინებით ცდილობთ ჯვარზე მოაკვდინოთ ქართველთა ცოდვანი. ერთხელ ვიღაც გულუბრყვილოს უკითხავს თქვენთვის - ოქროსია თუ არა პატრიარქის მიტრაო, რაზეც ასეთი პასუხი მიგიციათ: „ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინია“. იმ რწმენით, რომ „ეკლესია და ხალხი განუყოფელია“, თქვენ კვლავ ააღორძინეთ მართლმადიდებლობა საქართველოში.

უნივერსიტეტის მაშინდელ სტუდენტებს არასდროს დაგვავიწყდება 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი განთიადი. „უფალი მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას. მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს,” - ასეთი იყო მწყემსმთავრის შეგონება... არ შევისმინეთ... იმ დილით საქართველოს პატრიარქი უცებ დაუბერდა. 

თქვენი სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც, ჩემი აზრით,  ყველაზე მეტად შესტკივა სამშობლოზე გული და რომელსაც, თავისი კონკრეტული ქმედებებით არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისი სიტყვა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე რომელიმე საზოგადო მოღვაწის თუ პოლიტიკოსის. მხოლოდ თქვენ შეძელით სამაჩაბლოს ომის შემდგომ, მტრის მიერ ოკუპირებულ მიწაზე შესვლა და იქიდან ყველასგან მიტოვებული ქართველი ბიჭების ცხედრების გასაპატიოსნებლად გამოტანა. 

თქვენ საოცარი კეთილგანწყობით და პატივისცემით სარგებლობთ როგორც კათოლიკური, ასევე მუსლიმური სამყაროს კონფესიათა წარმომადგენლებში. გასულ წელს ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინმა. ქალბატონი მერსედესი ესპანელი კათოლიკეა, კათოლიკური უნივერსიტეტის კურსამთავრებული. თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობამ ეს ქალბატონი ჯერ კიდევ ამერიკაში მოხიბლა. თბილისში ყოფნისას მეუფე იაკობის ძალისხმევით საპატრიარქოში მართლაც შედგა თქვენი შეხვედრა, რომელზეც მეც მხვდა პატივი ვყოფილიყავი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოს პატრიარქის დიალოგი ზოგიერთ საკითხზე კოლეგების საუბარს უფრო ჰგავდა. აღმატებული შთაბეჭდილებებით დატვირთული ქალბატონი ცრემლებს ვერ მალავდა. 

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დაარსებული ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და პირადად ჩემი სახელით, მსურს ანგელოზის დღე მოგილოცოთ! რა შეიძლება საქართველოს პატრიარქს უსურვოს ჩვეულებრივმა ცოდვილმა მოკვდავმა... ვცდილობ სიკეთის მსახური ვიყო, რადგან, სადაც სიკეთეა, იქ ღმერთია... და სადაც ღმერთია, იქ გზაც არის. თქვენ შეძელით თქვენი სულიერი შვილებისთვის ამ გზის ჩვენება. დაე, უფლის ნებით, დიდხანს ისმოდეს თქვენი წირვა-ლოცვა ქართული ეკლესიის წმინდა ამბიონიდან!

ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი - XIX საუკუნის 80-იან წლებში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში ილიას სურვილითა და ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ ტრადიციას - ილიაობას, რომელიც მოგვიანებით საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცა. წმიდა ილია მართალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნელებელი მოთხოვნილება ჰქონდა ახლოს ყოფილიყო თავის ხალხთან, გაეზიარებინა მისი გულისთქმა და საფიქრალი. ილიაობის დღესასწაული ამ ყოველივეს პრაქტიკულ აღსრულებად იქცა. როგორც იონა მეუნარგია იგონებს, ყოველწლიურად 20 ივლისს (ახალი სტილით 2 აგვისტოს, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს) მთელი საქართველოდან – ქართლ-კახეთიდან, იმერეთიდან, გურია-სამეგრელოდან – მიეშურებოდა ხალხი საგურამოში ილიასათვის ანგელოზის დღის მისალოცად. დიდსა და პატარას, ინტელიგენტსა თუ გლეხს თავის ზნეობრივ მოვალეობად მიაჩნდა სტუმრებოდა ქართველთა სულიერ წინამძღოლს და მისდამი უღრმესი პატივისცემა შეძლებისამებრ გამოეხატა. თავის მხრივ, ილიაც საოცარი გულუხვობით მასპინძლობდა ყველას. როგორც გადმოგვცემენ, იგი ხშირად ილხენდა გლეხებს შორის და მათთან ერთად მღეროდა თავის საყვარელ სიმღერას – „ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ“, რომელიც თითქოს მის ტრაგიკულ აღსასრულზე წინასწარმეტყველურ მინიშნებად გაისმოდა. ილიაობაზე საგურამოს სტუმრობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, არტურ ლაისტი, ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, კიტა აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილი და ჩვენი ინტელიგენციის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები. დროთა განმავლობაში ეს დღე სახალხო ზეიმად, ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

სიმბოლურია, რომ 2 აგვისტო არის აგრეთვე ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისა, იმ ადამიანისა, ვინც დღესდღეობით ილია ჭავჭავაძის ღვაწლის ერთ-ერთ უმთავრეს დამფასებლად გვევლინება. სწორედ უწმინდესი ილია II-ის ძალისხმევით საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1987 წელს წმიდათა დასში შერაცხა წმიდა ილია მართალი. როგორც თავის დროზე საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა მიუთითებდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ამ აქტით უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც წმიდათა დასში შეირაცხა საერო მწერალი. კანონზომიერია ის ფაქტი, რომ წმიდა ილია მართლის სახელის საკრალიზაცია სწორედ იმ პიროვნებასთანაა დაკავშირებული, რომელმაც ჩვენს დროში იტვირთა ერის სულიერი წინამძღოლობა და ილიასეული „სამი ღვთაებრივი საუნჯის“ დაცვასა და განმტკიცებას შეალია თავისი სასიცოცხლო ძალები.

გულითადად ვულოცავთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს ანგელოზის დღეს და ვუსურვებთ დღეგრძელობასა და სულიერ მხნეობას!