წიგნი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის შესახებ

ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრში გამოსაცემად მომზადდა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის მონოგრაფია: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“.  საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე, წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის და შეიცავს არგუმენტირებულ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რატომ ებრძოდა ლავრენტი ბერია იოსებ სტალინის ფავორიტ ისაკ ჟვანიას და რა როლი ჰქონდათ ამ ბრძოლაში ქართველ ენათმეცნიერებს: არნოლდ ჩიქობავას, გიორგი ახვლედიანს, აკაკი შანიძეს, ვარლამ თოფურიას?

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საერთაშორისო დასკვნის ავტორი ჰაიდი ტალიავინი რატომ უწოდებს ქართველებს არშემდგარ ერს?

დღეს როგორაა შეფუთული რუსული ენობრივი პოლიტიკა საქართველოში და ენათმეცნიერების დარგში არსებული რომელი „კონცეფციის“ მიხედვით  ნაწილდებოდა 2006-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო (რუსთაველის) ფონდის მიერ? და სხვ.

მონოგრაფიაში ძირითადი ადგილი უჭირავს ლინგვისტური ქართველოლოგიის, ზოგადად, საქართველოს წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ანალიზსა და ხელისუფლებისათვის მომზადებულ შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც საყურადღებოა საინფორმაციო ომში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის. 

წიგნში გამოკვლევას ეთმობა 184 გვერდი; საარქივო და სხვა დოკუმენტური მასალების დანართს - 114 (დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად იბეჭდება), წიგნის რეცენზიებს - 20; 22 გვერდს მოიცავს პირთა, ენათა, დიალექტთა, კილოკავთა, ასევე: ერების, ეთნოსების, ტომების, თემებისა და ტერმინების საძიებელი.

წიგნის რედაქტორია პროფ. მერაბ ჩუხუა; რეცენზენტები: პროფ. ნუგზარ ანთლავა, პროფ. ეკა დადიანი, პროფ. რევაზ შეროზია. წიგნის გარეკანის კომპოზიციას ამშვენებს დუტუ მეგრელის ფოტო. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“.