შოთა მუმლაძე

shota-mumladze

არისტოტელე ამბობდა: „პოეზია უფრო ფილოსოფიურია, რადგან ეს ის არის, რაც შეიძლება ყოფილიყო, ხოლო ისტორია არის ის, რაც იყო“. თუმცა, მე ვფიქრობ, ისტორიაც არის ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ისტორია, როგორც დისციპლინა, სხვადასხვა ვერსიის შემსწავლელი მეცნიერებაა.

სკოლაში სწავლისას განსაკუთრებით ისტორიამ გამიტაცა. ისტორიით დაინტერესებამ კი ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლისაკენ მიბიძგა. ვსწავლობდი თეოლოგიას...

სტუდენტობის პერიოდი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი წლებია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ახალგაზრდა პიროვნებად საბოლოოდ ამ დროს ყალიბდება და აქ ისახება მისი სამომავლო პერსპექტივებიც. ნებისმიერი პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება ბევრ დროს, დიდ ენერგიას და ენთუზიაზმს მოითხოვს მომავალი წარმატებისათვის.

უნივერსიტეტში ჩაბარებისას, რა თქმა უნდა, ისტორიის მიმართულება ავირჩიე. არჩევანი კი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერე, რადგან, ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში საუკეთესო პროფესურა და ყველაზე კარგი სასწავლო პროგრამა ისტორიის და არა მხოლოდ ისტორიის მიმართულებით, სწორედ ამ უნივერსიტეტშია. საქართველოს ისტორიის გარდა, ვსწავლობთ: ძველი აღმოსავლეთის, კავკასიის ხალხთა, ბიზანტიის, ძველი რომის, ძველი საბერძნეთის, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ისტორიას, ასევე საქართველოს ეკლესიის და საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ისტორიას. მომავალში იგეგმება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ისტორიის სწავლებაც, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს, ჩვენი ქვეყნის ისტორია გაიაზროს არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ან ცალკე მდგომად, არამედ მთლიანი რეგიონის ისტორიული პროცესების ფონზე. სასწავლო კურსი ასევე მოიცავს ისტორიის დამხმარე თითქმის ყველა დისციპლინას (წყაროთმცოდნეობა, ეთნოლოგია-ანთროპოლოგია, არქეოლოგია და ა.შ.).

ყოველივე ეს სტუდენტს სიღრმისეულ ცოდნას აძლევს, რაც მას აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უწყობს ხელს. დღევანდელ პოსტმოდერნულ და კაპიტალისტურ მსოფლიოში, ერუდიციის გარეშე ადამიანი ვერანაირად ვერ დაიმკვიდრებს ღირსეულ, დამოუკიდებელ და პერსპექტიულ ადგილს. პოსტმოდერნიზმი ფასეულობათა რელატიურობას გვთავაზობს, რა დროსაც ადამიანს, განათლების გარეშე ძალიან უჭირს ცხოვრებაში სწორი ორიენტირების პოვნა. კაპიტალიზმი კი მუდმივ კონკურენციაში გვამყოფებს. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ იკვეთება განათლების მნიშვნელობა, რომელიც შენი საქმის კვალიფიციურ სპეციალისტად და საზოგადოებისათვის სასურველ წევრად გაქცევს.

ჩემი მომავალი საქმიანობა, ცხადია, ისტორიის მიმართულებით გაგრძელდება. თუმცა ჯერ საბოლოოდ შერჩეული არ მაქვს პერიოდი (თემა) მომავალი კვლევისათვის. ერთი შეხედვით, რაღაა შესასწავლი საქართველოს ისტორიაში ისეთი დიდი მეცნიერების შემდეგ, როგორებიც იყვნენ: ვახუშტი ბაგრატიონი, ივანე ჯავახიშვილი, სარგის კაკაბაძე და სხვა მრავალი. თუმცა გამოსაკვლევი ჯერ კიდევ ბევრია... მე, სავარაუდოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის განხრით ვიმუშავებ. მართალია, ამ თემისადმი მიძღვნილი ცალკეული გამოკვლევები და პუბლიკაციები უკვე გამოცემულია, თუმცა, მე-20 საუკუნის ისტორიის გარდა, თითქმის შეუსწავლელია ჩვენი ეკლესიის მდიდარი და საინტერესო ფაქტებით აღსავსე ისტორიული წარსული.

ისტორიის გარდა, ვსწავლობ უცხო ენებსაც (ინგლისურს და გერმანულს), რადგან თანამედროვე ცხოვრებაში უცხო ენის ცოდნის გარეშე, რაც უნდა მაღალი დონის სპეციალისტი იყო, შენი ფასი მაინც დაბალია, რადგან ფართო აუდიტორიასთან საკომუნიკაციო ენას არ ფლობ და, შესაბამისად, ლოკალურ ფარგლებს ვერ სცდები.

P.S. სტუდენტობის ოთხი წელი ძალიან სწრაფად გადის, ყველა სტუდენტს და ჩემს თავსაც ამ ოთხი წლის შინაარსიანად გატარებას ვუსურვებ!