ზუკა კოტრიკაძე - პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში

ჩვენი დღევანდელი ინტერვიუერი ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი ზუკა კოტრიკაძეა, რომელიც გარდა იმისა, რომ წარმატებული სტუდენტია და ქართულ უნივერსიტეტში სემესტრული დაფინანსებით უფასოდ ეუფლება არჩეულ პროფესიას, თავისი გატაცების, ფოტოგრაფიის წყალობით, რომელიც მისთვის მალე პროფესიად იქცევა, გასულ წელს არაერთ წარმატებას მიაღწია.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუკა ფოტოებს ტელეფონით იღებს და მისი შემოქმედებითი ტექნიკა იმდენად საინტერესოა, რომ მისი ფოტონამუშევრები არაერთი პროექტისა და პოპულარული ვებგვერდების მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსების გამარჯვებული გხდა.
თუ როგორ იქცა მისი ბავშვობისდროინდელი გატაცება რეალობად და რამდენად წარმატებულად გადადგა პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში ინტერვიუდან შევიტყობთ.

-    ზუკა მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

-    გვიამბე შენ შესახებ, როგორი ბავშვობა გქონდა, სად დაიბადე, როდის აღმოაჩინე, რომ ხელოვნება იყო შენი სფერო, შენი საქმე, გატაცება...
-    დავიბადე გურიის ერთ-ერთ პატარა სოფელში. ეს არის ადგილი, რომელმაც მასწავლა წარმატებისთვის ბრძოლა, გამბედაობა, სამართლიანობა და მაჩუქა უნარი, რომ მიყვარდეს.  ბავშვობიდანვე ვიპოვე ჩემი ადგილი და ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ბევრი წინააღმდეგობრივი ფაქტორის მიუხედავად, მქონდა თავისუფლება, რომ მეკეთებინა მხოლოდ ის, რაც ბედნიერებას მომანიჭებდა. სწორედ ხელოვნება იყო ის ერთადერთი. შეიძლება ითქვას, მუდმივად სცენაზე ვიდექი და სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებდი. 

-     რა გავლენა მოახდინა შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე ამ ბავშვობისდროინდელმა გატაცებამ?
-    მუსიკამ და კინოხელოვნებამ იქონია ჩემს შეხედულებებსა და მენტალობაზე დიდი გავლენა და შემიქმნა კულტურა. დღემდე ძალიან მიყვარს, მუდმივად ახალი ინფორმაციების, მეტის გაგების რეჟიმში ვარ. ისე მოხდა, რომ ყველაფერი, რაც შემიძლია ვაკეთო და რაზეც მუდმივად ვფიქრობ, მხოლოდ ხელოვნებაა. ზოგჯერ შეიძლება ყველაზე ძლიერი ნაწილი სუსტ მხარედაც იქცეს, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან თავდაჯერებულობას, დაუშრეტელ სურვილსა და სიყვარულს მოაქვს სასურველი შედეგი.

-    როდის დაინტერესდი კონკრეტულად ფოტოგრაფიით და როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
-    ფოტოგრაფია გაუცნობიერებლად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყოველდღიური ფიქრის საგნად იქცა. ალბათ, სულ რაღაც 3 წელი იქნება, რაც ვიღებ და ამ 3 წელშიც კი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. ვიღებ მობილურით, რაც იწვევს ხოლმე გაკვირვებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სწორედ მობილურით გადაღება მეხმარება სასურველი კადრის მისაღებად. მაგალითად, ვიყო შეუმჩნეველი და გადავიღო ფოტო ისე, რომ არ მივიქციო გარშემომყოფების ყურადღება. ზოგადად, ბევრს ვფიქრობ და ამას საჭიროდაც ვთვლი, მაგრამ არის შემთხვევები, რომლებსაც ვერ გათვლი და ინსტიქტით უნდა გააკეთო. ჯერჯერობით სხვადასხვა ჟანრის ფოტოებს ვიღებ, ალბათ იმიტომ, რომ ერთ კადრზე ვარ დამოკიდებული. ბევრს დავდივარ ფეხით და მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობაა, თან მქონდეს ჩემი მობილური. ერთადერთი, ცალსახად რაც შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თითქმის არ ვიღებ შავ-თეთრ ფოტოებს, ძალიან მიყვარს ფერები, სულ ასე იყო, მაგრამ ახლა ვცდილობ შემოქმედებაში გადმოვცე ეს დამოკიდებულება.

-    გასული წელი შენთვის წარმატებებით იყო დახუნძლული, როგორი იყო პირველი წარმატებით გამოწვეული ემოცია და რამდენად გქონდა მოლოდინი, რომ შენი ფოტო წარმატებას მოგიტანდა?
-    გასულ წელს, გაზაფხულზე, სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ,,ფერები’’. ნამუშევრები აგებული იყო მინიმალისტური სტილით. ვფიქრობ, რომ პროექტმა მოლოდინზე მეტად გაამართლა, რადგან გამოფენის ფოტოები ათეულობით გვერდსა და საიტზე არის განთავსებული. ამ პერიოდის შემდეგ აქტიურად დავიწყე მინიმალიზმის გადაღება. მაქვს ორი პროექტი, რომელიც BoredPanda-ს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. ნოემბერი-დეკემბერი იყო ფოტოკონკურსებში გამარჯვებით დატვირთული. გავხდი ,,გალერია თბილისის’’ ფოტოკონკურსის “ჩემი თბილისის’’ გამარჯვებული, რის შემდეგაც ფოტოს ნახვა თბილისის რამდენიმე გაჩერებაზე შეგვეძლო. გამოფენიდან ერთ-ერთი ფოტო გახდა Avon-ის ფოტოკონკურსის “გაიფერადე დღე” გამარჯვებული. ვარ მსოფლიო ბანკის პროექტის “სიღარიბის სახის’’ ფინალისტი, ფოტო აუქციონზე 300 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. შემოსული თანხა კამპანიის ბენეფიციარებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს მოხმარდა. ჩემი ფოტოები განთავსებულია საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის სამსუნგის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდებზე. 

-    ამის შემდეგ იყო კიდევ არაერთი წარმატება, რომელ პროექტს გამოარჩევდი?
-    ტელეფონის ნოუთში ერთგვარ გეგმას ვწერ ხოლმე, რა მინდა გავაკეთო და რას ველოდები. ყველაზე მეტად მიხარია, როცა ამ შედეგს ვიღებ. ეს ემოცია ყველაზე იმედისმომცემი და უდიდესი სტიმულია. 5 ფოტო მოხვდა ‘‘’VSCO’’’-ს კოლექციაში. EyeEm-მა ჩემი ფოტო “minimal thoughts” 35 საუკეთესო ფოტოში შეიყვანა. 

-    რატომ აირჩიე ქართული უნივერსიტეტი, რა პროფესიას ეუფლები და როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში?
-    ქართული უნივერსიტეტის შესახებ ჩემი დისგან გავიგე, მისივე რეკომენდაციითა და სურვილით გავხდი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი. ეკონომიკის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ვარ. მაქვს შესაძლებლობა, რომ ვისწავლო უფასოდ, სემესტრული დაფინანსებით, რაც ვფიქრობ, კარგი საშუალებაა და დიდი დახმარება უნივერსიტეტის მხრიდან. შესაძლოა, ჩემი მომავლი ძირითადი საქმიანობა “ეკონომიკას’’ არ დაუკავშირდეს, თუმცა, აქაც ვეძებ რაღაც ისეთს, რაც კომფორტის ზონაში მომაქცევს და შევძლებ მის გამოყენებას. ვცდილობ, ხშირად მივიღო მონაწილეობა ქართული უნივერსიტეტის პროექტებში. ვმონაწილეობ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ტრენინგსა და ღონისძიებაში. მიყვარს სიახლეები და მრავლფეროვნება, რაც სჭირდება ჩვენს უნივერსიტეტს და რასაც ვუსურვებდი მას.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.

ფოტოები იხილეთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/zuka.kotrikadze/

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა