ოლიმპიადის მონაწილეთა საყურადღებოდ

ოლიმპიადის ყოველი მონაწილე ქართულ უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდეს ოლიმპიადის სამუშაო განრიგის შესაბამისად - მისი სესიის დაწყებამდე 20 წუთით ადრე. ოლიმპიადის ყოველმა მონაწილემ თან უნდა იქონიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი. საოლიმპიადო დავალებათა  დარიგების  წინ  მოსწავლეთა  შემოსვლა  უნივერსიტეტში შეწყდება. მუშაობის ხანგრძლივობაა 1 საათი და 40 წუთი.

ოლიმპიადის ობიექტურად ჩატარების მიზნით მოსწავლეს ეკრძალება ინფორმაციის მიმღები ან გადამცემი რაიმე მოწყობილობით (კერძოდ, მობილური ტელეფონით) გამოცხადება. დაუშვებელია მოსწავლეებისათვის დარიგებული სამუშაო ფურცლების დაზიანება, სხვა რაიმე ჩანაწერის ან ფურცლის შემოტანა,  სხვა მონაწილეებთან რაიმე სახის კონტაქტი ან სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. 

ამ მოთხოვნების დამრღვევი მოსწავლე მოიხსნება ოლიმპიადიდან და სათანადო შეტყობინება ვიდეო მასალასთან ერთად გადაეგზავნება მის სკოლას.

მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი. დასაშვებია წყლის შემოტანა გამჭვირვალე ბოთლით. მუშაობის დამთავრებისას მოსწავლემ თავისი ნაშრომი უნდა ჩააბაროს კომისიის წევრს. მოსწავლემ უნდა წეროს გასაგებად, ზუსტად შეასრულოს საოლიმპიადო დავალების მოთხოვნები. პირადი მონაცემების შევსებისას უნდა მიუთითოს: გვარი, სახელი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ნომერი, თავისი თანაგუნდელის გვარი, სახელი (ვისაც ჰყავს თანაგუნდელი, თანაგუნდელის არსებობის შემთხვევაში მისი და თანაგუნდელის ნაშრომები მონაწილეობას მიიღებს, როგორც პირად, ასევე გუნდურ ასპარეზობაშიც) და საგნის მასწავლებლის გვარი და სახელი. 

ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ოლიმპიადა წარიმართოს მშვიდ, საქმიან გარემოში, ყოველ მოსწავლეს მიეცეს თავისი ცოდნისა და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა.

გისურვებთ წარმატებას! 

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი