ნანა ზარანდია

nana-zarandia

სკოლა დავამთავრე, ხელში ატესტატი მიჭირავს, ვღელავ, რადგან ცხოვრებაში მიწევს არჩევანის გაკეთება, ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის დრო, როდესაც ოჯახშიც კი პირველად გაძლევენ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთო არჩევანი. მაგრამ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესია, როდესაც ადამიანი იწყებს რაღაცის არჩევას და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, მის არჩევანში უამრავი ადამიანი იწყებს ჩართვას: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მეზობელსაც კი აზრს ეკითხებიან. ამ შემთხვევაში მე მარტომ გავაკეთე ეს არჩევანი.

მე ჩემი თავი ვანდე ერთ დიდ ოჯახს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს. ჩემმა არჩევანმა მე გამიმართლა, გამიმართლა იმიტომ, რომ დამხვდნენ მზრუნველი ადამიანები, დამხვდა ულამაზესი შენობა მრავალფეროვანი მცენარეებით, რომლებიც ინახავენ თითოეული დღის ისტორიას, ისტორიას საინტერესო ადამიანებისა, საინტერესო ცხოვრებით, თითოეულის ცხოვრება სამაგალითო, მისაბაძი და დამაფიქრებელია. ჯგუფში დამხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა მაძლევს საშუალებას გავიზარდო, მაძლევს საშუალებას იმედიანად ვიყო. ეს ურთიერთობები მილამაზებს ცხოვრებას; ამდენად, უნივერსიტეტში გატარებული თითოეული წუთი და წამი არის ძვირფასი, რადგან მე აქ მიხარია ყოფნა, აქ ვპოულობ ჩემს ადგილს.

ზოგადად, როდის არის ადამიანი ბედნიერი?

როდესაც ის სოციუმში ბედნიერად გრძნობს თავს, როდესაც ვიღაცას სჭირდება, როდესაც ელოდებიან, როდესაც ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია და თუკი ადამიანს ეს საჭიროება კარგად აქვს მოწესრიგებული, რა თქმა უნდა, ბედნიერებასაც ამაში პოულობს.

ქართული უნივერსიტეტი ჩემთვის ძალიან მშობილური და შინაგანია, უნივერსიტეტია, რომელიც ჩემს სახლად იქცა. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან, სხვა კერაში. მან სილაღის, მშვენიერების საუკეთესო 3 წელი ჩაწერა ჩემს ცხოვრებაში. Mმას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი ბედნიერების შექმნაში, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს ის შანსი იყო, რომელსაც ვეძებდი... ჩემი სტუდენტური ცხოვრება არასდროს ყოფილა მოსაწყენი, ყოველთვის ვცდილობდი მომეძებნა რაღაც ისეთი, რაც საშუალებას მომცემდა გამეკეთებინა რაიმე ღირებული. ყოველი დღე ერთმანეთზე ხალისიანი, შემეცნებითი და მრავალფეროვანი იყო.

უნივერსიტეტი ყოველთვის მაძლევდა იმის საშუალებას, მეკეთებინა ის, რაც ჩემი სულის მოწოდება იყო. მახსოვს, თუ რა დიდი სულისკვეთებითა და ენთუზიაზმით მინდოდა გამეგრძელებინა ცეკვა და სიმღერა. ეს ბედნიერება უნივერსიტეტმა მომცა, ანსამბლმა „კარიბჭემ“ და „ლემადემ“ მაჩუქეს  დაუვიწყარი დღეები. უნივერსიტეტის სახელით ვიღებდი მონაწილეობას ღონისძიებებში, რომელიც არაერთი წარმატებით სრულდებოდა. ეს ყველაფერი სიხარულით მავსებდა, საკუთარი თავის ძალასა და რწმენას მმატებდა.

მინდა გავიხსენო და გამოვყო ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი დღე, ეს იყო მოულოდნელი სიხარული, რომლის ირგვლივაც გავერთიანდით მთელი სტუდენტები, ლექტორები. ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებოდით უწმინდესის მობრძანებას... ეს იყო დღე, რომელიც ლამაზად და წარუშლელად ჩაიწერა ჩემს მეხსიერებაში.

მისი მოსვლა საკმაოდ გაგრძელდა, ეს ლოდინი რთულიც იყო და სასიამოვნოც. სასიამოვნო იყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა, რას გვეტყვის? რაზე გაგვამახვილებინებს ყურადღებას? მობრძანდა უწმინდესი. მისი მობრძანება, მისი შეხება იმდენ მადლს, იმდენ სიყვარულს იტევდა, რომ ეს ერთი ადამიანისათვის ძალიან ბევრი და დიდი იყო. მთავარი, რაც მან გვითხრა, რაზეც დამაფიქრა და ჩემთან ერთად ყველა ჩემი თანატოლიც დააფიქრა, ის იყო, რომ ყოველი ადამიანი უნდა მიისწაფვოდეს შეისწავლოს, შეიცნოს თავი მისი. პრობლემაც, ტკივილიც და სიხარულიც ადამიანისა აქედან მოდის, სწორად იფიქრო, სწორად გაიაზრო და გააზრებული სწორად, გულით განიცადო..

ქართული უნივერსიტეტი ეს ის გასაღებია, რომელიც მოგცემს საშუალებას, გააღო სულიერების, ჯანსაღი ურთიერთობებისა და შემეცნების კარი, რომელიც ჩემთვის უმაღლეს ბედნიერებას წარმოადგენს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს, რომელიც, მე ასე ძალიან მიყვარს!