მაკა სირაძე

მშობლებისგან მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ სტუდენტობა ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია, რომ სტუდენტობის დროინდელი მეგობარი მთელი ცხოვრების მეგობარია და ა.შ. ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესითა და მოლოდინით ველოდი ამ დროს.

ალბათ, მართლა განგებამ ინება, რომ ქართულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რადგან რატომღაც მე და ჩემმა მეგობარმა სრულიად შემთხვევით, უნივერსიტეტების ჩამონათვალს მივაწერეთ ქართული უნივერსიტეტი. გულწრფელად გეტყვით, იმ დრომდე წარმოდგენაც არ მქონდა ამ უნივერსიტეტის არსებობის შესახებ. შემდეგ გავიგე, რომ ჩემსავით ახალგაზრდა ყოფილა, მალევე მივხვდი, რომ მართლაც ყველა პატარა ბავშვივით უვლიდა და უფრთხილდებოდა პატრიარქის ნებით დაარსებულ ამ სიყვარულით სავსე ადგილს.

ყველა ისტორიას, ეტაპს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ მართლა მთელი გულით მინდა ქართული უნივერსიტეტი სულ იყოს ჩემს ცხოვრებაში. ოთხი წლის წინ არ მქონდა გააზრებული, თუ ეს უნივერსიტეტი ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. მახსოვს, მაშინდელი ჰუმანიტარების დეკანი, ბატონი ვახტანგ გურული შემოვიდა ჩვენთან ერთ-ერთ ლექციაზე, ბევრი დარიგება მოგვცა საიმისოდ, რომ ბეჯითად გვესწავლა, პროფესიონალები გავმხდარიყავით და ა.შ. ისე, სხვათაშორის დააყოლა "სულ მალე ერთმანეთის ოჯახის წევრებად იქცევით, უახლოეს მეგობრებს შეიძენთ და გაგიჭირდებათ აქედან წასვლაო".

იმ დროს, ალბათ, არც მე და არც ჩემი ჯგუფელები არ ვეთანხმებოდით ბატონ ვახტანგს, თუმცა დღეს ერთმანეთის გარეშე ნამდვილად ვერაფრით წარმოგვიდგენია ჩვენი ყოველდღიურობა. ერთმანეთის ნაწილად ქართულმა უნივერსიტეტმა გვაქცია. მართლა საკმარისია შევხედო ნებისმიერს და მაშინვე ვხვდები რას განიცდიან,  რა უხარიათ, მეტიც, მათი ფიქრებიც კი  მისახვედრია ჩემთვის.

ალბათ, ხშირად მოკრავთ ყურს ფრაზას - „ქართული უნივერსიტეტი ერთი დიდი ოჯახია". ჩაბარებიდან მალევე მივხვდი, რომ მართლაც ასე იყო. ამ პატარა, სიყვარულით სავსე უნივერსიტეტში, ისე მოხდა, რომ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ვმეგობრობდით. ახლა ბევრი ახალი ბავშვი შემოგვემატა, რამაც რაღაცეებზე იმოქმედა, თუმცა ვფიქრობ, საერთო ფონი მაინც უაღრესად დადებითია.

როგორ შეიძლება ერთმანეთს პატივს არ ვცემდეთ, მაშინ, როცა ყოველ დილით, ერთსა და იმავე ხატს ვემთხვევით, ერთსა და იმავე ხატთან ვლოცულობთ. მახსოვს იმ საკმევლის საოცარი სურნელი, რომელიც აქ პირველ დღეს დატრიალებდა.

ქართულ უნივერსიტეტში ეზოში შემობიჯებისთანავე მიხვდებით, რომ გამორჩეულად უვლიან აქაურობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენისთანა შრომისმოყვარე, კეთილი და საოცრად დადებითი ენერგიის მატარებელი მებაღე არც ერთ სხვა უნივერსიტეტს არ ჰყავს! სწორედ მისი წყალობით ხარობენ  მრავალფეროვანი მცენარეები, ჩვენთან ისინი  მაშინაც ყვავილობენ, როდესაც გარეთ თოვლია.

არ შემიძლია ჩვენს ფოტოგრაფ ბატონ ნუგზარ შონიაზე არ ვთქვა ორი სიტყვა, რადგან ჩემთვის ის ამ უნივერსიტეტის ნაწილია! ამ საოცრად პოზიტიური და ენერგიული ადამიანის დანახვაზე უმალ ყველა იწყებს თავის მოწესრიგებას, რადგან არავინ იცის "ჩხიკ", როგორ კადრს დააფიქსირებს.

ზუსტად ვიცი, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის, მთელი ცხოვრება მემახსოვრება პირველი ლექციის საოცარი შთაბეჭდილებები და დღემდე უსაყვარლესი ლექტორი თეიმურაზ გვანცელაძე. მისი კეთილშობილება, ადამიანურობა  და პროფესიონალიზმი სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის! ასევე გამორჩეულად საყვარელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელმაც უამრავი ცოდნა მომცა, როგორც პროფესიულ, ისე ცხოვრებისეულ საკითხებში. მისი ენერგიულობა და მუდამ დადებითი მუხტი დღემდე აღმაფრთოვანებს. ქალბატონი ნინო მამარდაშვილი უზადო სახეა განათლებული და ინტელიგენტი ქალისა და ბევრი სხვა ლექტორი, რომელთა გაცნობამ, მათთან ურთიერთობამ, უკეთესობისაკენ შემცვალა, რაც მთავარია ყოველი მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია.

საერთოდ არა მგონია ლექტორებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, რომელიმე უნივერსიტეტში სტუდენტს ისეთივე ახლო, ოჯახური ურთიერთობა ჰქონდეს, როგორიც აქ.

რა მომცა ქართულმა უნივერსიტეტმა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება. მე ყოველთვის დავალებული ვიქნები ამ უნივერსიტეტისაგან, რადგან მეგობრები და განათლება უდიდეს  შენაძენად მიმაჩნია. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია დღე, როცა ქართულ უნივერსიტეტში არ წავალ, თუმცა ეს დღე ჯერ საკმაოდ შორსაა, რადგან სწავლის გაგრძელებასაც ამ კედლებში ვაპირებ და ამით კიდევ უფრო დაუკავშირდება ჩემი ცხოვრება მას.