მაია ქავთარაძე

ალბათ, ყველას ახსოვს პირველი დღე სტუდენტური ცხოვრების დაწყებისა, ის განცდა, შთაბეჭდილება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება ადამიანს; მეც, მათ შორის.Mმახსოვს, პირველი ლექცია დამწერლობის ისტორიაში გვქონდა. დაგვაგვიანდა მე და ჩემს ბიძაშვილს, რომელიც ჩემთან ერთად ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტში; აუდიტორიაში შესვლის დროს უამრავი სახე დავინახე, როგორც ერთი მთლიანობა და მეხსიერებასაც ასე ერთ მთლიანობად შემორჩა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ თითოეული მათგანი ჩემი სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილი გახდებოდა. ბატონი თეიმურაზ გვანცელაძე ყველას თვალებში შემოგვციცინებდა, ცდილობდა ეჩვენებინა სითბო, სიყვარული და პატივისცემა ჩვენ მიმართ, რაც გვეხმარებოდა ნერვიულობისა და დაძაბულობის დაძლევაში. ასე ვიქეცით ერთი დიდი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახის ნაწილად.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში სწავლა დიდი პატივია ჩემთვის. მეამაყება იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც გვასწავლიან ღირებულ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, ან მათთვის, არამედ მთლიანად საქართველოსათვის. მჯერა ამ უნივერსიტეტის კედლები შევა ისტორიაში, როგორც ჩვენი სამშობლოს ყველაზე დიდი მოამაგე!

ქართული უნივერსიტეტი უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. მახსოვს, ჩემი მეგობრები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, დიდი გულმოდგინებით ელოდებოდნენ, როდის ჩატარდებოდა სამეცნიერო კონფერენცია ჩვენთან, რათა მათაც შეძლებოდათ მონაწილეობის მიღება, თითქოს მოისწრაფოდნენ, რომ მიეღოთ ის უამრავი დადებითი მუხტი, ემოცია, რომელიც, ალბათ, ყველას სტიმულს აძლევს ისწავლოს კარგად და ნაყოფიერად გამოიყენოს სტუდენტური ცხოვრების ოთხი წელიწადი.

საპატრიარქოს ქართულმა უნივერსიტეტმა მასწავლა არა მხოლოდ დამწერლობის ისტორია, ლინგვოპოლიტოლოგია თუ მსოფლიო ლიტერატურა, არამედ პატივისცემა და სიყვარული ყოველივე ამის მიმართ; მასწავლა შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენება, რათა ცოდნა მხოლოდ ცოდნად არ დარჩეს, არამედ მისი მეშვეობით შევძლო ჩემი მიზნებისა და მისწრაფებების მიღწევა.

ის, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს ქართულ უნივერსიტეტს, მეგობრული გარემოა. ლექტორები ყველანაირად ცდილობენ მხარში ამოუდგნენ თითოეულ სტუდენტს, დაეხმარონ ნებისმიერ წამოწყებაში, ან, უბრალოდ, გაამხნევონ და აჩვენონ, რომ ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. არ მეგულება არცერთი ჩემი თანაკურსელი, რომელიც ცუდად სწავლობდეს, რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ მათ აქვთ მოტივაცია, იმედი, რომ ეს ცოდნა წარმატების მიღწევასა და საკუთარი თავის რეალიზაციაში დაეხმარებათ.Eეს, უპირველესად, უნივერსიტეტის დამსახურება მგონია.

უკვე დამამთავრებელ კურსზე ვარ. განვლილი წლებით მიღებული შთაბეჭდილებები გამყვება მთელი ცხოვრება, ოდნავ სინანულის გრძნობით, რადგან მიმაჩნია, ბოლომდე არ (ვერ) გამოვიყენე ის შესაძლებლობები, რომელთაც გვაძლევდა ჩვენი უნივერსიტეტი; სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნებ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც გახდნენ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილნი!

რამდენიმე თვე დარჩა და დავასრულებ ბაკალავრიატს, თუმცა ვაპირებ სწავლა კვლავ აქ გავაგრძელო, რადგან ვიპოვე ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მომცემს საშუალებას, მაქსიმალურად გამოვადგე არა მარტო ჩემს თავს, მეგობრებსა თუ ნათესავებს, არამედ მთელ ჩვენ სამშობლოს, ცოტა რამ მაინც გავაკეთო მისი კეთილდღეობისათვის. გამოდის, რომ შევიცან თავი ჩემი! ამისათვის, ბევრ მადლობას არ გადავიხდი, არ მინდა გავაუფასურო ეს სიტყვა, ვეცდები, ცხოვრებაში ჩემ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მადლიერების გამოხატულება იყოს ჩემი უნივერსიტეტისა და ჩემი მიმართულებისადმი!