ლიკა ბაქრაძე

მე ლიკა ბაქრაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. აი, უკვე თითქმის მიიწურა სტუდენტობის პირველი წელი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მომავალი პროფესიის არჩევისას უამრავი იდეა მიჩნდებოდა. თავდაპირველად ჟურნალისტობას ვფიქრობდი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამართალზე შევაჩერე, რადგან, ვთვლი, რომ სამართლიანობა ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროშია აუცილებელი. როდესაც უსამართლობას ვხედავ ყოველთვის განვიცდი, ამიტომ ყველაზე კომფორტულად ამ დარგში ვხედავ საკუთარ თავს. სწავლის ეტაპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აბიტურიენტობაა. ყოველ შემთხვევაში იმ დროს ასე მეგონა. ხოლო ყველაზე ბედნიერ და საინტერესო წლებად სტუდენტობის პერიოდს ვთვლი. ვფიქრობდი, მომავალ სასწავლო პროცესზე, გარემოზე და ზოგადად სტუდენტურ ცხოვრებაზე... და აი დადგა ის ამაღელვებელი მომენტი, როდესაც უკვე სტუდენტი ვარ! ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა, ჯერ ეროვნული გამოცდების სტრესს არ გაუვლია და უკვე ახალ გარემოს და ადამიანებს უნდა შეეჩვიო. თავდაპირველად შიში გიპყრობს, რომ ადაპტაცია გაგიჭირდება, მაგრამ შემდგომ არწმუნებ საკუთარ თავს, რომ შეგიძლია ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო. ამისთვის კი, საჭიროა საკუთარი თავის რწმენა და დაბრკოლებების გადალახვისას, იმაზე ფიქრი, რომ წარმატება უთუოდ შენ გელოდება. ამ ყველაფერში უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ სწავლა-სწავლების პროცესი ასეთი საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული და ნაყოფიერი იქნებოდა. თითქოს ერთბაშად გავიზარდე, სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, ვიგრძენი თავისუფლება, გავხდი უფრო მეტად დამოუკიდებელი და ამაში ჩემს უნივერსიტეტს მიუძღვის წვლილი. გარემო, რომელშიც მოვხვდი, რადიკალურად განსხვავდება სკოლის წლებისაგან. პროფესორების მხრიდან ვგრძნობ სიყვარულს, თანამშრომლობის სურვილს და, რაც მთავარია, ჩემი პიროვნების აღიარებასა და პატივისცემას. ამ უნივერსიტეტის კედლებში თავისუფლების შეგრძნებაა. არავინ ზღუდავს შენს აზრს, შეგიძლია იყო კრიტიკული, განსხვავებული და ამის გამო თავს არ გრძნობ გარიყულად. ეს ის უნივერსიტეტია, რომელიც მაქსიმალურადაა სტუდენტზე ორიენტირებული. ყველანაირად უწყობს ხელს სტუდენტებს სწავლასა და დასახული მიზნის მიღწევაში. ეს ის ადგილია, სადაც მაღალი აკადემიური სწავლის პარალელურად შესაძლებელია, მრვალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება. ლექტორები, რომლებიც საგანს გაყვარებენ და სტუდენტები, რომლებიც მუდამ გვერდში უდგანან ერთმანეთს. ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ასეთი ადამიანების გაცნობა და მათგან ცოდნის მიღება უკვე წარმატებაა. სწორედ, ესაა ის მიზეზი, რამაც გამოიწვია ჩემი აღფრთოვანება და დადებითი დამოკიდებულება.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სურვილი მაქვს სწავლა გერმანიაში გავაგრძელო, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო ჩემს სფეროში. ამიტომ პირველივე კურსიდან აქცენტი გავაკეთე გერმანულის სწავლაზე.

აბიტურიენტობის პერიოდში, არაერთი დადებითი დახასიათება მოვისმინე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირვეწლოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტზე, რამაც საბოლოოდ, გადამაწყვეტინა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი თავად გამოსცადო, მოერგო და შენი მიზნების მისაღწევად გამოიყენო.

სწორედ ამ კედლებში ვქმნით ჩვენ 21 საუკუნის საქართველოს მომავალს, ქართული, ქრისტიანული ტრადიციებით.