ლამარა აფციაური

lamara-aftsiauri

სტუდენტობა ცხოვრების ყველაზე კარგი ეტაპია - ეს ფრაზა ალბათ ყველა ჩვენგანს გაუგონია მშობლებისგან, ნათესავებისგან თუ უბრალოდ უფროსი მეგობრებისგან, რაც ერთ-ერთი მოტივატორი იყო იმისა, რომ კარგად მესწავლა და სტუდენტი გავმხდარიყავი.

სტუდენტობის ხუთი სემესტრის განმავლობაში, ბევრი სხვა სტუდენტის მსგავსად, ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული ჩემთვის სტუდენტობის პირველი კვირა და მთლიანად სემესტრი იყო, რამაც განაპირობა ჩემი ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბება, რომელიც გახდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობითი სტიპენდიატი და ამ ყველაფრის თქვენთვის მოთხრობის საშუალებაც მიეცა. ამიტომაც, მოკლედ მიმოვიხილავ გზას ახალბედა სტუდენტიდან სახელობით სტიპენდიატამდე.

სკოლაში სწავლის პერიოდში წარმატებული და მუდმივად ახლის ძიებაში მყოფი მოსწავლე ვიყავი და ასეთი შემართებით შემოვაბიჯე ჩვენს უნივერსიტეტშიც, თუმცა, როდესაც აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში, სადაც არავის ვიცნობდი და არავინ მიცნობდა, სადაც არავინ იცოდა ჩემი გეგმები და მისწრაფებები, ჩემს შემართებასაც ფრთები მოემსხვრა, მაგრამ ეს ერთგვარი „შოკი“ ერთ კვირასაც არ გაგრძელდა. შინაგანი პანიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობდი ახალ გარემოსთან ადაპტაციას, სადაც საყვარელი მასწავლებლების ნაცვლად სერიოზული ლექტორები იყვნენ, რომლებიც ჩამოყალიბებულ პიროვნებას ელოდნენ აუდიტორიაში და არა ჩემნაირს. პირველივე კვირაში გავიცანი ჩემი დეკანი, რომელმაც მის გუნდში მყოფ მზრუნველ და ყურადღებიან თანამშრომლებთან ერთად მომცა სტიმული იმისა, რომ განმეგრძო ძიება და გამიმარტივა ადაპტაციის პროცესი. პირველ კვირაშივე ჩემი მიმართულების ხელმძღვანელმა საკუთარ ლექციებზე დამანახა ის, რომ მე პატარა აღარ ვიყავი, ვიგრძენი სრული პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და მომავალზე და არჩეული პროფესიის მოკლე მიმოხოლვის შემდეგ მივხვდი, რომ მე ვიყავი იქ, სადაც მინდოდა.

ყოველდღიურად ვესწრებოდი ლექციებს, ზედმიწევნით ვასრულებდი ლექტორის მითითებებს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ, თუმცა სემესტრის ბოლო, ჩემი საბოლოო შეფასება და მისი მნიშვნელობა მაინც გაუგებარი რჩებოდა. პირველი სემესტრის დასასრულს ჩემი საშულო შეფასება განისაზღვრა დაახლოებით 93 ქულით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავის, რადგან ვიბრძოდი იმისთვის, რისი ბოლო და შედეგი ჩემთვის გაურკვეველი იყო. მაგრამ, ეს შეფასება დავადგინე პირად მინიმუმად რომლის ქვემოთ ჩამოსვლის უფლებაც მე არ მქონდა.

მერქვას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჩემთვის სერიოზულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რისი საფუძველიც არა მარტო ჩემი პირადი შეხედულება, არამედ ჩემი დეკანატის სწავლებაცაა, რომელიც მუდმივად გვასწავლის იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქართული უნივერსიტეტის ღირსეული სტუდენტები, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ეკონომისტები, ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული პიროვნებები და პიროვნულობა მხოლოდ მაღალი GPA-ით არ განისაზღვრება. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ კუთხით ჩვენს ფაკულტეტზე ბევრი სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, რომლის მიზანიც, სწორედ, ღირსეული პიროვნებების აღზრდაა. დეკანატი ზრუნავს არა მხოლოდ იმაზე, რომ ორგანიზება გაუკეთოს ჩვენს ოთხ წლიან სწავლის პროცესს, არამედ მაქსიმალურად ეფექტური გახადოს ის და ეს დრო ჩვენ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ, რისი ბედნიერებაც ბევრ ჩემს კოლეგას (ვგულისხმობ უბრალოდ სტუდენტს) არ აქვს და ამიტომ ჩემი მხრიდან ძალიან დასაფასებელია.

რომ არა ქართული უნივერსიტეტი რა იქნებოდა? - არ ვიცი! როდესაც ამაზე ვფიქრობ ყველაფერი ირევა და გაურკვევლობა ისადგურებს. ჩემი უნივერსიტეტი ჩემი მეორე სახლია, სადაც მოსვლა ისე მიხარია, როგორც ჩემს მშობლიურ სახლში. ეს ალბათ დეკანატის და ყველა თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველთვის ყურადღებით უსმენენ ჩემს პრობლემებსა და შეხედულებებს და მაქსიმალურად გვერდში მიდგანან მეც და ჩემს ჯგუფელებსაც ნებისმიერ სიტუაციაში. მათი შერჩეული პროფესორ-მასწავლებლები კი, ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებას მაქსიმალურად ხალისიანს, საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდიან, ხოლო მომავალ პროფესიას დღითიდღე გვაყვარებენ. 

ახალი ცხოვრების დაწყებისას ალბათ ბევრი ყოფილა ჩემს მდგომარეობაში, ბევრი შიშს შეგუებია, უკან დაუხევია, იმედი გადაუწურავს, მოტივაცია დაუკარგავს და ა.შ. ბევრიც პირიქით, უფრო მოტივირებულად, რქებით შეჯახებია ცხოვრებას და რა თქმა უნდა საწადელისთვისაც მიუღწევია. ილია ჭავჭავაძე როგორც იტყოდა „თუ წუთისოფელს ერთი ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“-ო, ამიტომ, ჩემი სულ მცირედი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გირჩიოთ, რომ დატკბით სტუდენტობის წლებით, გააკეთეთ მაქსიმუმი, არ დანებდეთ, არ მოუხუჭოთ თვალი ცხოვრებას, შეიძლება ახლა ვთვლით, რომ ჯერ პატარები ვართ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ნამდვილად დიდები ვიქნებით ყველანი და ეს პერიოდი უკვე დაკარგული იქნება, ვერ დავიბრუნებთ ვერც ერთ წამს და შესაძლოა დიდოელი ლეკის მიერ გათელილი ნაბადივით აღმოვჩნდეთ.