ქართველოლოგიის ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელი: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის წერილი # 903; 08.09.2010) 2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან შეიქმნა ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ქართველოლოგიის ცენტრი არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად არსებობს, როგორც ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტრუქტურული ერთეული. 

ქართველოლოგიის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქორეპისკოპოსის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბოდბელი ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იაკობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით.

ქართველოლოგიის ცენტრის მიზანია ქართველთა დედაენის (სტანდარტული ენისა და მისი სახესხვაობების), ისტორიისა და ტრადიციული კულტურის (წერილობითი თუ ზეპირი) საფუძვლიანი შესწავლა, ქართველთა ერთ ისტორიულ დედაენაზე ორიენტირებული ქართველოლოგიის განვითარება, მეცნიერული ქართველოლოგიის ძირითადი დებულებების ჩამოყალიბება თანამედროვე (საერთაშორისო) დეფინიციებისა და ტერმინოლოგიის გათვალისწინებით; ამ დებულებების გავრცელება საერთაშორისო ქსელში. 

ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ამჟამინდელი საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების (როგორც ავტოქთონი, ასევე, მუჰაჯირებისა თუ სხვა მიგრანტებისა) დიალექტების, ეთნოგრაფიული თავისებურებების და ზეპირსიტყვიერების შესწავლას:  ბოლო მონაცემებით საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა სულ მცირე 5 მილიონი ავტოქთონი ქართველი ცხოვრობს; თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე აქტიური ასიმილაციური პროცესების გამო დაკარგვის დიდი საფრთხის ქვეშაა მათი ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობა. ტაოში, შავშეთში, ლაზეთში, საინგილოში, ასევე, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შორის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ მოძიებულ მასალათა კორპუსი კარგი ბაზაა უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომებისათვის.

ქართველოლოგიის ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს სპეციალისტთა მიერ განმაზოგადებელი ხასიათის ქართველოლოგიური სამეცნიერო ნაშრომების შექმნას, გამოცემასა და პრეზენტაციას; უმაღლესი სასწავლებლებისთვის ქართული ენისა და ლიტარატურის მიმართულებით მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებას; ლინგვისტური რუკების დამზადება და სხვ..

ქართველოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც უცხოელ ქართველოლოგებთან, ასევე, ზოგადად: ეთნოლოგებთან, ლინგვისტებთან, კულტუროლოგებთან, ისტორიკოსებთან, თანამედროვე ენციკლოპედიების სარედაქციო კოლეგიებთან.
ქართველოლოგიის ცენტრი კოორდინაციასა და ორგანიზებას გაუწევს თემატურ საერთაშორისო ქართველოლოგიურ სემინარებსა და კოლოქვიუმებს, სადაც ხდება თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების აპრობირება და უცხოელი ქართველოლოგების ინფორმირება; ასევე, უცხოელ და ქართველ სპეციელისტებს შორის კვლევის შედეგებისა და ინფორმაციების გაცვლა. ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია ახალი თაობის ქართველი და უცხოელი მკვლევრების შეხვდრებისა და ერთობლივი კვლევების ორგანიზება.

ქართველოლოგიის ცენტრი ხელს უწყობს ქართველოლოგიის მიმართულების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს როგორც ქართული სამწიგნობრო ენის, ასევე, ქართული ენის ადგილობრივი სახესხვაობების (მეგრულ-ლაზურის, სვანურის, ფერეიდნულის, ტაოურის, კლარჯულის, ხევსურულის და სხვ.), ქართველური ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების შესწავლის პროცესში.

ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია დისტანციური (საინტერნეტო) სწავლებით, ასევე, ორკვირიანი საზაფხულო სკოლების ორგანიზებით ქართველ და უცხოელ დაინტერესებულ პირთ შეასწავლოს (ან გააცნოს): ქართული სამწიგრნობრო ენისა და, ზოგადად, ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორია, ქართველური სამეტყველო ერთეულები (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერხეული, ტაოური და სხვა ქართველური ენობრივი ერთეულები); მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ცენტრის საველე ბაზებით, დაათვალიერონ საქართველოს ისტორიული და კულტურული ფასეულობები.
2010 წლიდან ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრი აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს. 

ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით ჩატარდა ხუთი საერთაშორისო და ოთხი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები". 
ქართველოლოგიის ცენტრი 2011 წლიდან გამოსცემს ქართველოლოგიის ცენტრის ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულს: "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები"; დღემდე გამოცემულია I, II, III, IV, V, VI ტომები; გამოსაცემად მომზადებულია VII ტომი. ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გამოიცა ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჟურნალის: "სამეცნიერო აზრი“ ორი ტომი.

ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით საველე დიალექტოლოგიურ პრაქტიკას გადიან ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის სპეციალობის მაკალავრიატის VII-VIII სემესტრის სტუდენტები. ექსპედიციაში ჩართული არიან აგრეთვე ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტები და ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტები.

სხვადასხვა დროს ქართველოლოგიის ცენტრში მუშაობდნენ: პროფ. ტარიელ ფუტკარაძე /ცენტრის ხელმძღვანელი 2010 წლიდან დღემდე/, პროფ. რევაზ შეროზია / 2011-2012 წლებში/, დოქტ. მიხეილ ლაბაძე /2010 წლიდან  დღემდე/, დოქტ. იაშა თანდილავა /2011-2016 წლებში/, დოქტ. სვეტლანა ადამია  2011-2018 წლებში/, დოქტ. ხატია ჯანგავაძე  /2011-2012 წლებში/, დოქტ. თამარ ლომაძე /2013-2015 წლებში/, პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე /2015-1018 წლები/; დოქტ. სოფიო კეკუა /2013 წლიდან დღემდე/, დოქტ. კესო გეჯუა /2018 წლიდან/.