ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში სწავლა სტუდენტობის გარანტია

kartuli-universitetis-abiturient

გთავაზობთ ინტერვიუს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორ გურამ გოგიშვილთან.

- ბატონო გურამ, მოგესალმებით.

- მოგესალმებით.

- მალე ცენტრი შეუდგება 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მომზადებას. როგორი იყო 2018 წელი ცენტრისთვის? რა შედეგებით დაამთავრეს ცენტრის მსმენელებმა მისაღები გამოცდები, ალბათ წარმატებებსაც გამოყოფთ.

- 2018 წელი ისევე, როგორც წინა სასწავლო წლები, ჩვენი ცენტრის მიერ მიღწეული შედეგების მხრივ, წარმატებულად შეიძლება შეფასდეს. ჩვენი კურსდამთავრებულები, მაღალი აკადემიური დონის აბიტურიენტები, სტუდენტებად მოევლინენ უმაღლეს სასწავლებლებს, მათ შორის ჩვენ უნივერსიტეტსაც. წინა წლების ჩვენმა არაერთმა კურსდამთავრებულმა უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტის სახელი მოიხვეჭა.

- ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, აბიტურიენტთა რა ნაკადი მოვა, რამდენად აითვისებს იმას, რასაც ასწავლიან, მაგრამ მაინც სწავლების მაღალ დონეს რა განსაზღვრავდა გასულ წელს და რამდენად შენარჩუნდება ან გაუმჯობესდება იგი?

- მართალს ბრძანებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს აბიტურიენტთა ნაკადის საწყის აკადემიურ დონეს, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ცენტრში სწორად წარმართულ სასწავლო პროცესს, მასში აბიტურიენტთა ჩართულობას, პედაგოგებისა და აბიტურიენტების შემოქმედებით თანამშრომლობას, საქმიანი და ამავდროულად ლაღი ატმოსფეროს შექმნას. სასწავლო პროცესის დამახასიათებელი ეს მხარეები წელს უფრო გაღრმავდება.

- არსებული კონკურენციის პირობებში რით არის ჩვენი უნივერსიტეტის ცენტრი მიმზიდველი აბიტურიენტთათვის, რატომ უნდა მოვიდნენ აქ, რას სთავაზობს განსხვავებულს ჩვენი მოსამზადებელი ცენტრი აბიტურიენტებს სხვა ცენტრებისგან განსხვავებულს?

- ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. ყველა პირობა, რაც განაპირობებს წარმატებას აბიტურიენტთა მომზადებისას, რეალიზებულია ჩვენს ცენტრში. დავამატებდი - შექმნილი ჰარმონიული გარემო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება, აბიტურიენტთა ხშირი ტესტირება და მიღებული შედეგების საჯარო ანალიზი უზრუნველყოფს მაღალი წარმატებების მიღწევას. სასწავლო პროცესში აბიტურიენტთა ინდივიდუალური შესაძლებლობები შეხამებულია გუნდურ მუშაობასთან, რაც ამაღლებს სწავლების ეფექტს, ხელს უწყობს საკუთარი შედეგების პრეზენტაციის ხელოვნების გაღრმავებას. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ იმ უნარების განვითარებასაც, რომლებიც აბიტურიენტს ამ ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობასაც მისცემს საჭირო დროს საჭირო პირობებში.

- მომზადების შედეგებს, პირველ რიგში, განსაზღვრავს პედაგოგთა არა მხოლოდ აკადემიური დონე, არამედ აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადად ცენტრში ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა იყო დასაქმებული, წელს ხომ არ ფიქრობთ სხვების მოწვევასაც?

- ახლა ცენტრის პედაგოგებზეც მოგახსენებთ. მათ გამოარჩევთ მაღალი აკადემიური დონე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სპეციფიკის სრული ფლობა, უმაღლეს და საშუალო სკოლებში ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება, სწავლების თანამედროვე ფორმების ეფექტიანი გამოყენება, გადასაცემი მასალის კრიტიკული გააზრება, ამ მასალის აბიტურიენტებთან მარტივი ფორმით მიტანა. რამდენიმე პედაგოგი თავად არის აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი მაღალი დონის სახელმძღვანელოების ავტორი. დადებით ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ ჩვენი პედაგოგების მუდმივი კონტაქტი აბიტურიენტთა მშობლებთან და ერთობლივი ძალისხმევით ზრუნვა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობისთვის სასწავლო პროცესში. აქვე აღვნიშნავდი, რომ ჩვენი ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ერთ ან რამდენიმე საგანში მომზადებას, მეცადინეობები დაგეგმილია სასკოლო გაკვეთილების შემდეგ, სწავლის საფასურის გადახდის გაიოლების მიზნით დასაშვებია თანხის ეტაპობრივი გადახდა.

- 15 ოქტომბრიდან ცენტრი იწყებს მუშაობას, რა სიახლეებით ეგებებით აბიტურიენტებს?

- ახალ სასწავლო წელს ჩვენს ცენტრში სწავლების ზემოთჩამოთვლილი ფორმები კიდევ უფრო დაიხვეწება და კვლავ ორიენტირებული იქნება მაღალი დონის შედეგების მიღწევაზე - არა „ენის წვერზე დამახსოვრებული ცოდნით“ გაწაფვისკენ, არამედ ღრმა ცოდნით აღჭურვილი მოსწავლეების მომზადებისკენ. ისინი დაეუფლებიან შესწავლის სწავლას, განუვითარდებათ ის შემოქმედებითი უნარები, რომლებიც შემდგომ, სტუდენტობის პერიოდში, ასეთ დიდ მნიშვნელობას იძენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღზრდის ფაქტორიც, სასწავლო გარემო. ჩვენი უნივერსიტეტი, მისი პედაგოგები ამ მხრივ უაღრესად კეთილმყოფელ გავლენას მოახდენენ აბიტურიენტებზე.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა