ინტერვიუ მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ზურაბ ბერიასთან

ქართულ უნივერსიტეტში ისევე, როგორც რამდენიმე სხვა უნივერსიტეტშიც, მუშაობს მასწავლებლის ჩამოყალიბების პროგრამა, რომელზეც მსმენელთა მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და რითია გამორჩეული ამ პროგრამის მუშაობა ჩვენს უნივერსიტეტში, რას ჰპირდება და რას სთავაზობს იგი მსმენელს, ამის შესახებ გვესაუბრება ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია.

მოგესალმებით ბატონო ზურაბ!
მოგესალმებით.

გვიამბეთ მასწავლებლის პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ, რამდენი ხნის ისტორია აქვს მას?
მესამე წელია, რაც ეს პროგრამა მუშაობს საქართველოში. ეს არის 60-კრედიტიანი პროგრამა და განკუთვნილია მათთვის, ვისაც მასწავლებლობა უნდა, ესე იგი, მასწავლებლის სქემაში ჩართვა, ან მასწავლებლობის უფლების მოპოვება. მოგეხსენებათ, დღევანდლამდე უნივერსიტეტებში ისწავლება ოთხწლიანი საბაკალავრო კურსები შესაბამისი საგნობრივი მიმართულებებით, მაგრამ კურსდამთავრებულებს არა აქვთ მასწავლებლობის უფლება. წლების წინათ პარალელურად ინტეგრირებულად ისწავლებოდა საგანი პედაგოგიკა. მაგალითად, უნივერსიტეტდამთავრებულ ქართულის მასწავლებელს პარალელურად დიპლომში ეწერა, რომ ის არის ქართულის მასწავლებელი. შემდეგ შეჩერდა ასეთი მიმართულებები და ახლა იმისთვის, რომ ბაკალავრებმა შეძლონ მასწავლებლობა, შეიქმნა ერთწლიანი 60-კრედიტიანი პროგრამა, მათთვის, ვისაც სურთ მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აქ საგანს კი არ სწავლობენ, არამედ სწავლების მეთოდიკას, შესაბამისი საგნის ზოგადი და სპეციალური მოდულებია.

როგორია საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, რა კრიტერიუმებით ფასდებიან კონკურსანტები?
ამ პროგრამაზე მოხვედრის პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ჩააბარონ მასწავლებლების გამოცდა ანუ დაადასტურონ საგნის ცოდნა შესაბამისი მიმართულებით. ეს ცოდნა მათ უნდა ჰქონდეთ მიღებული ბაკალავრიატში, რომელიც დაამთავრეს. შემდეგ არის შიდა გასაუბრება ან შიდა გამოცდა იმის მიხედვით, თუ რომელ უნივერსიტეტში აბარებენ. დღეისათვის 15 უნივერსიტეტს აქვს ეს პროგრამა და ყველა უნივერსიტეტი თვითონ ირჩევს, შიდა გამოცდა ჩატარდეს თუ შიდა გასაუბრება. ჩვენთან არის გასაუბრება, თუმცა ეს გასაუბრება გაწერილია კრიტერიუმებით, თუ რა მოეთხოვებათ. ასე რომ, ჩვენთან პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, მასწავლებლობის გამოცდის ჩაბარებაა (ცხადია, იგულისხმება, რომ ბაკალავრიატი დამთავრებული აქვს), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ტარდება ზაფხულში, შემდეგ ინდივიდუალურად გადიან გასაუბრებას, სადაც ვთხოვთ სხვადასხვა კომპეტენციებს, მაგალითად, რამდენად არის მოტივირებული ამ საგნის მასწავლებლობისთვის, როგორ იცნობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სხვა. ამ მოთხოვნებს ეცნობიან რეგისტრაციის დროს. შემდეგ მსურველები ფასდებიან ქულებით და მაქსიმალური  ქულიდან რამდენი ადგილიც არის, იმდენ მსმენელს ვიღებთ.

როგორი იყო გასული 2018 წელი, რამდენი მსმენელი ირიცხებოდა და რა შედეგები აჩვენეს მათ, რომელიმე მათგანს ხომ არ გამოყოფდით?
ჩვენთან მეორე წელია 30 ადგილია, მსურველი კი გაცილებით მეტია. სამომავლოდ აუცილებლად უნდა ვთხოვოთ სამინისტროს, რომ გაგვიზარდოს კვოტა. პირველ წელს ნახევრამდე შეივსო ეს 30 ადგილი, 16 კაცი მოვიდა, 2018 წელს კი მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. 60 მსურველი მოვიდა და ადგილები არ გვეყო. გვყავდა ძალიან კარგი, მართლაც, გამორჩეული მსმენელები ისე, რომ ლექტორები აღფრთოვანებული იყვნენ,  რომელიმეს დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ ზოგიერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მსმენელი ჩვენ დავასაქმეთ, ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყეს მუშაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ვასაქმებთ, მაგრამ 10-კრედიტიანი -პრაქტიკა ყველამ უნდა გაიაროს. აქაც მოქნილი პროგრამა გვაქვს. ზოგი მსმენელი ჩვენთან რომ მოდის, უკვე მუშაობს, ამიტომ მას ურჩევნია თავის სკოლაში გაიაროს პრაქტიკა. ვინც არ არის სკოლაში დასაქმებული, მათ შესახებ სკოლებს მივმართავთ, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლასთან მემორანდუმს ვაფორმებთ. მსმენელის სურვილის მიხედვით ვარჩევთ სკოლას.  

პროგრამის გავლის შემდგომ კურსდამთავრებულები მოიპოვებენ სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და დასაქმების უფლებას, რომელი საგნობრივი მიმართულებებით შეძლებენ მუშაობას ისინი?
ჩვენ გვაქვს შვიდი საგნობრივი მიმართულება: საბუნებისმეტყველო, ცალ-ცალკე ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ასევე მათემატიკა, ქართული, ისტორია, ინგლისური.  ყველა საგანი, გარდა ინგლისურისა, არის საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის უფლების  მოსაპოვებლად, მხოლოდ ინგლისურს აქვს ერთიანად პირველიდან მეთორმეტეს ჩათვლით სწავლების უფლება, რადგან თვითონ არა აქვთ დაყოფა საფეხურებად. 
პირველ წელს ყველაზე მეტი, 11 მსმენელი მოვიდა ინგლისურზე, 4 კი -ქართულზე. წელს 30 ადგილზე 60 მსმენელიდან თითქმის ყველა საგნობრივი მიმართულებით გვყავს მსმენელი, გარდა ბიოლოგიისა და ამიტომ ბიოლოგიის ადგილები გადავანაწილეთ სხვა მიმართულებებზე და 30-ვე ადგილი შეივსო. განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა ქართულზე, ინგლისურზე, მათემატიკაზე, ისტორიაზე. რამდენიმე მსმენელია ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებაზე.  

არსებული კონკურენციის პირობებში რითია ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამა მიმზიდველი, რატომ უნდა მოვიდნენ აქ? 
თხუთმეტამდე უნივერსიტეტს აქვს ეს პროგრამა. ჩვენ იმით ვართ გამორჩეული, რომ ცხრილს ვადგენთ მსმენელებთან ერთად. მათთვის მოსახერხებელ დროს ვარჩევთ, რადგან მოგეხსენებათ, უმრავლესობა მუშაობს. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ სურვილებს, არის კიდევ სხვა მომენტებიც, რითაც მიმზიდველია ჩვენი უნივერსიტეტი. იმის გარდა, რომ ეს პროგრამა არის საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, რასაც თავისი დატვირთვა აქვს, ამასთან, კონკტრეტულად ამ პროგრამას გამოარჩევს სხვა ფაქტორებიც... 

ალბათ, პედაგოგები, რადგან პროგრამაში ჩართულთა მომზადების შედეგებს, პირველ რიგში, განსაზღვრავს პედაგოგთა არა მხოლოდ დონე, არამედ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 
დიახ, რა თქმა უნდა. მასწავლებელთა მომზადების პროგრამის პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული, მეტიც, ძირითად ბირთვს წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიონალური ამაღლების, გადამზადების პროგრამების პედაგოგები. ამ პროექტის ფარგლებში თანამედროვე სწავლების მეთოდებით გადამზადდა დიდი ნაწილი პედაგოგებისა და ამას ახორციელებდა ის ხალხი, რომელიც ჩვენთან ასწავლის ამ პროგრამას. ისინი მუშაობენ მასწავლებლის სახლში, განათლების სამინისტროში. ასე რომ, რაც იქ კეთდებოდა, ჩვენ პირდაპირ გადმოვიტანეთ აქ და ჩვენთან დავნერგეთ. ის ადამიანები, რომლებიც ამ სიახლეებს ახორციელებდნენ საჯარო სკოლებში, ჩვენთან ასწავლიან როგორც ზოგად ნაწილში, პედაგოგიკის ზოგადი მიმართულებით, ასევე ცალკეული, კონკრეტული საგნების მიხედვითაც. ჩვენთან ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებლის სახლის ერთობლივი პროექტის ექსპერტ-კონსულტანტები ასწავლიან. 

სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ გვინდა დავამატოთ დაწყებითების მიმართულებით პედაგოგების მომზადება, რადგან დიდია მოთხოვნა, მოდიან და გვთხოვენ კურსის გახსნას რამდენიმე საგანში და პარალელურად გვინდა კვოტის გაზრდის თხოვნით მივმართოთ სამინისტროს ამ შვიდივე საგანზე. ეს 60-კრედიტიანი პროგრამა არის მათთვის, ვისაც მასწავლებლობა სურს, პარალელურად დაიწყო უკვე ახალი 300-კრედიტიანი პროგრამა. ის არის 5-წლიანი, რომლის დამთავრების შემდეგ გამოდის მაგისტრი საგნის მასწავლებლის უფლებით. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, მოგეხსენებათ დიდი პროგრამაა და დიდ დროსაც მოითხოვს მასზე მუშაობა. 

გისურვებთ წარმატებებს.
დიდი მადლობა.                  

ესაუბრა ნინო აბრამიშვილი