ია გელბახიანი

მახსოვს უნივერსიტეტში მოსვლის პირველი დღე, მოვდიოდი თვალებგაფართოებული, საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა, ვნერვიულობდი ისე, როგორც არასდროს. ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა, სულმოუთქმელად ველოდებოდი ამ წუთებს, თუმცა თავში მიტრიალებდა აზრი, გავაკეთე თუ არა სწორი არჩევანი.

შემოვედი უნივერსიტეტში და მომაჯადოვა გარემომ, მაგრამ ვნერვიულობდი, ყურადღება არ გამეფანტოს და აუდიტორია არ შემეშალოსთქო. მოგვილოცეს ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი და დადგა ის წუთი, როცა აუდიტორიაში უნდა შევსულიყავი, მინდოდა გაქცევა, მაგრამ რატომღაც ნაბიჯები შევანელე. ბატონი თეიმურაზ გვანცელაძის ლექცია გვქონდა, პირველი და ზუსტად სამი წინადადება დასჭირდა იმისთვის, რომ ჩემთვის ეს ნერვიულობა მოეხსნა. დავმშვიდდი, ამოვისუნთქე და დავიწყე ლექციის მოსმენა, რომელიც არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში. პირველივე კვირას უკვე მივხვდი, რომ მე მართლაც გავაკეთე სწორი არჩევანი და შიშიც გამიქრა. ვფიქრობდი, დიდ უნივერსიტეტში რომ ჩამებარებინა, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, თუმცა დიდ უნივერსიტეტში, ალბათ, დავჯდებოდი აუდიტორიის ბოლო კუთხეში და გაუნძრევლად დაველოდებოდი ლექციებს, შემდეგ ავდგებოდი და უსიტყვოდ სახლში წამოვიდოდი. ეს მორცხვი გოგო, რომელიც ერთ კუთხეში გაუნძრევლად დაჯდებოდა, ქართულმა უნივერსიტეტმა მთლიანად გააქრო ჩემში. შევიცანი ჩემი თავი, გავხდი თავდაჯერებული, თავისუფალი, მასწავლეს როგორ უნდა გამოვთქვა უშიშრად, მოურიდებლად ჩემი აზრი. დღეს ერთ კუთხეში გაუნძრევლად ჯდომა წარმოუდგენელია ჩემთვის. ყველა ლექტორი, ვინც კი მასწავლიდა ამ დროის მანძილზე, მომიდგა ინდივიდუალურად, ისე, როგორც მე მჭირდებოდა. თითოეული მათგანი ქმნის დღეს საქართველოს ახალ ისტორიას, მე მიხარია, რომ სწორედ ამ ხალხში მოვხვდი და მიწევს მათი ლექციების მოსმენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი თაობები ბევრს ისაუბრებენ ამ ხალხზე. ყოველი დღე ერთმანეთზე საინტერესოა, ვსწავლობ ზუსტად იმას, რაც მაინტერესებდა. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე ყოველდღიურად ცდილობს დახვეწოს პროგრამა და მაქსიმალურად საინტერესო გახადოს სტუდენტებისთვის, რასაც ვგრძნობთ აშკარად. ერთი დღე არ გამიღვიძია იმ გრძნობითა და ფიქრით, დღეს უნივერსიტეტში წასვლა მეზარება ან ამ ლექციის მოსმენა არ მინდა და გავაცდენ. ქართული უნივერსიტეტი ჩემთვის მეორე სახლი გახდა, ყველაზე კომფორტულად სწორედ აქ ვგრძნობ თავს, ვერ წარმომიდგენია უნივერსიტეტი, რომელიც მომცემდა მეტ შესაძლებლობებს, შემიქმნიდა უფრო კარგ გარემოს სწავლისათვის და უკეთესად ვიგრძნობდი თავს. მყავს ჯგუფი რომელთან ერთადაც ვუსმენ ყველა ლექციას. ეს ყველაფერი სხვა უნივერსიტეტებში არ არის, ჩვენ კი ვართ ჯგუფი, რომელიც ერთად ვუსმენთ ლექციებს, ერთად დავდივართ ექსკურსიებზე, ერთმანეთს აზრებს, შეხედულებებს ვუზიარებთ და ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია, თითქოს ერთ ოჯახად ჩამოვყალიბდით. აქ შევიძინე მეგობრები რომლებთან ერთადაც 24 საათს ვატარებ, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია, ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტმა ეს ხალხი გამაცნო. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო ამის მეტი და მარტო ეს ადამიანები გამეცნო, დავმეგობრებულიყავი, მაინც მადლობელი ვიქნებოდი ჩემი უნივერსიტეტის. ეს ბავშვები ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცნენ და მთელი ცხოვრება ასე მინდა გაგრძელდეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მომცა ამ უნივერსიტეტმა. მაგალითად: ექსკურსიები, ახალი ადგილები, ახალი ისტორიები, თავგადასავლები, შეხვედრა საინტერესო, გამოჩენილ ადამიანებთან, გართობა, კონცერტები, კინოჩვენება, საახალწლო ღონისძიებები, ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული. როგორ შეიძლება დამავიწყდეს აქ გატარებული დრო?! არასდროს ჩემი მეხსიერებიდან ეს მოგონებები არ ამოიშლება, დარჩება მარადიულად. თუნდაც ის მომენტები, როცა ფეხბურთელთა საგულშემატკივროდ დროშებით მივდივართ და ერთ მუშტად შეკრულები ვამხნევებთ, როგორც შეგვიძლია, ჩვენს გუნდს. ყველას ერთად გვწყინს წაგება და ერთად გვიხარია მოგება. წარჩინებულთა თუ აქტიურთა ექსკურსიები, სადაც დაუვიწყარ დროს ატარებ და ყველა წასვლა ერმანეთზე უკეთესია. აქ შეგიძლია განახორციელო შენი იდეები და ამაში ყველა მხარს დაგიჭერს და დაგეხმარება. სიამოვნებით მოვდივარ ჩემს მეორე სახლში და წამოსვლა აღარ მინდება. ყოველვის როცა სტუდენტობას წარმოვიდგენდი, როგორი შეიძლება ყოფილიყო, ასეთი წარმომედგინა.  მადლობის მეტი რა მეთქმის უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებმაც ასე შემაყვარეს თავი და ყოველდღიურად ცდილობენ გაგვილამაზონ სტუდენტობის დღეები.

მეოთხე წელი დაიწყო რაც ამ უნივერსიტეტში ვარ და გული მწყდება, რომ ამ წლის ბოლოს ეს ბედნიერი სტუდენტობის წლები დამთავრდება. ცხოვრებაში ამაზე უკეთესი წლები არ მქონია, ვიცი, რომ აღარც მექნება. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრების ვერც ერთი ეტაპი, რომელიც უკეთესი იქნება და ამ შთაბეჭდილებებს გადაფარავს. ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლოს უნივერსიტეტს ვამთავრებ ცრემლები მადგება, თავს ვერ ვიკავებ და ემოციებს ჩემში ვეღარ ვიტევ. მე უბრალოდ მიყვარს ეს ადგილი, ეს ხალხი, ეს გარემო, რომელიც მთლიანად ჩემი მგონია და რომელმაც დაიტია ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი, მე გავაკეთე სწორი არჩევანი წლების წინ.

ვფიქრობ და ვხვდები, ჩემს უნივერსიტეტზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია. ბევრი ისტორია და ბევრი კარგი მოგონება დამიგროვდა ამ წლების მანძილზე. თითქოს ოთხი წელი ბევრია, მაგრამ ვხვდები ეს ძალიან ცოტა დრო არის, არ მეყო. თითქოს გუშინ მოვედი პირველად და ჯერ ისევ პირველ კურსზე ვარ, არადა უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებ. გაფრინდა, გაირბინა წლებმა, მაგრამ ქართული უნივერსიტეტი სამუდამოდ დაჩება ჩემს მოგონებებში, როგორც ყველაფერი კარგის ასოციაცია. მადლობა ქართულ უნივერსიტეტს ჩემი დაუვიწყარი სტუდენტური წლებისათვის.