გიორგი შონია

ბავშობიდანვე მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია, ჩემი ცოდნა ქვეყნისა და ოჯახის საკეთილდღეოდ გამომეყენებინა. ამისთვის საჭირო იყო მიზანდასახულობა და საკუთარ თავთან მუშაობა. მახსოვს, თუ როგორ დაუღალავად ვშრომობდი, რათა სტუდენტობისთვის მიმეღწია. ვერც კი ვგრძნობდი, თუ როგორ გადიოდა დრო და ვუახლოვდებოდი სიახლეს            - სტუდენტურ ცხოვრებას. როდესაც ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და სტუდენტი გავხდი, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. იმ მომენტში ჩემში წარმოქმნილი „ენდორფინი“ ცხოვრების ბოლომდე გამყვება. მაშინ მაწუხებდა მხოლოდ ის, რომ მომიწია განშორება ოჯახთან, მეგობრებსა და მშობლიურ კუთხესთან, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ წინ სწავლა და დიდი თავგადასავლები მელოდა.

და, აი დადგა, ის ნანატრი მომენტი, 2015 წლის 14 სექტემბერს პირველად შევდგი ფეხი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, რომლის ნაწილი უკვე მესამე წელია ვარ. პირველივე დღიდან გამაოცა უნივერსიტეტის გარემომ, მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ, სწავლების მაღალმა დონემ, სტუდენტების დამოკიდებულებამ ერთმანეთთან, მაღალკვალიფიციურმა პროფესურამ და მაშინ მივხვდი - ეს არის პატარა უნივერსიტეტი დიდი შესაძლებლობებით.

მას შემდეგ, რაც გავხდი ქართული უნივერსიტეტის ნაწილი, შევიძინე ცოდნა და გამოცდილება შესაბამის პროფესიაზე, გავიცანი უამრავი ადამიანი და დავიმეგობრე ისინი, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს პროფესორ-მასწავლებლებთან, რომელიც ცდება უნივერსიტეტის ფარგლებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ პატარა უნივერსიტეტში უფრო მარტივია გქონდეს მჭიდრო და გამჭვირვალე კავშირი ლექტორებთან, გაიცნო ისინი ახლოს და მიაღწიო წარმატებას ვიდრე დიდ უნივერსიტეტში, სადაც კონტიგენტი უფრო დიდია და ლექტორებსაც ნაკლები დრო აქვთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ ახლო კონტაქტი სტუდენტებთან.

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ხშირია წარუმატებლობა და იმედგაცრუება, რომელიც არ უნდა გახდეს უკუსვლის მიზეზი, არამედ პირიქით, წარუმატებლობა უნდა გახდეს მოტივატორი მიზნის მისაღწევად. დაცემა არ ნიშნავს დამარცხებას, ბრძოლის წაგება არ ნიშნავს ომის წაგებას, იგი ცხოვრების ბოლომდე გრძელდება და თუ დაეცემი, უნდა წამოდგე და ახალი შემართებით გააგრძელო ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ახალი მიზნებით, იდეებითა და იმედებით იწყება ჩემთვის ყოველი ახალი სასწავლო სემესტრი.

ქართულ უნივერსიტეტში ჩემთვის ყველაზე დიდ დასაყრდენს ჩემი მეგობრები წარმოადგენენ, რომლებთან ერთადაც ბევრს ვმუშაობ სხვადასხვა საკითხებზე. მათთან გატარებული თითოეული წუთიც კი უძვირფასესია ჩემთვის და მესმის, რომ მეგობრების თანადგომის გარეშე წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. არაფერი არაა იმაზე დიდი ბედნიერება, გრძნობდე გარშემომყოფი ადამიანებისგან სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. 

არ შემიძლია არ აღვნიშნო უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებები და აქტივობები, რომელიც აუცილებელია თითოეული სტუდენტისთვის. სხვადასხვა შეხვედრასა თუ სამეცნიერო კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, მაძლევს ინფორმაციას ჩემი სფეროს ირგვლივ.

ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ მოგონებად დარჩება ქართული უნივერსიტეტის თეატრალური დასი, სადაც აღმოვაჩინე ჩემი მსახიობური ნიჭი და შესაძლებლობები. უნივერსიტეტში მოსვლიდან რამდენიმე დღეში გავიგე, რომ არსებობდა თეატრალური კლუბი, რომელიც აცხადებდა ,,ქასთინგს" ახალი სპექტაკლისთვის - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ,,ქასთინგზე" და გამომეცადა საკუთარი თავი. ,,ქასთინგის" დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ მე ვაკმაყოფილებდი იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელი იყო კონკრეტული როლისთვის. დასთან ერთად წარვსდექით აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, სადაც ბრწყინვალედ წარმოვაჩინეთ საკუთარი თავი. არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა პირველად გავედი დიდ სცენაზე, ეს იყო რაღაც საოცრება, არაამქვეყნიური შეგრძნება, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩემს მეხსიერებაში. დაუვიწყარი იყო ასევე ტკბილი სიტყვები და აპლოტისმენტები, რასაც არ იშურებდა მაყურებელი ჩვენს მიმართ. პრემიერიდან რამდენიმე დღეში გვქონდა გასვლითი ტური კახეთის რეგიონში, რომელიც მთლიანად დააფინანსა ქართულმა უნივერსიტეტმა. კახეთშიც არანაკლებ წარმატებით წარმოვაჩინეთ საკუთარი თავი და დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

ახლა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავარ და დასახული მიზნების განხორციელებასა და ხორცშესხმას უნდა შევუდგე. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, რათა მომავალში მარტივად შევძლო საკუთარი ცოდნის რეალიზაცია. წინ კიდევ რთული და შრომატევადი სემესტრი მელოდება, რომელსაც ახალი მიზნებით და ემოციებით ველოდები.