აკრედიტებული პროგრამა ისტორიაში - ინტერვიუ ლევან ჯიქიასთან

ქართული უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს წარმართავს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც შეესაბამება  აკრედიტაციის სტანდარტებს. რამდენიმე პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია, მათ შორის  შვიდი წლით სრული აკრედიტაცია მოიპოვა ისტორიის საბაკალავრო პროგრამამ.

რა პროცესები ახლდა აკრედიტაციის გავლას, როგორ მიმდინარეობდა იგი, რა გაკეთდა და რა კეთდება სწავლების ხარისხის ასამაღლებლად,  ამ საკითხებზე გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დეკანი, ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია.

- ბატონო ლევან, მოგესალმებით.
- მოგესალმებით.

- სრული აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა უნივერსიტეტის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას და მათ შორის ისტორიის საბაკალავრო პროგრამას, ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა მათგანმა  სრულად დააკმაყოფილა სტანდარტის ყველა მოთხოვნა. რას გვეტყვით ისტორიის პროგრამის შესახებ, ვინ არიან მისი ხელმძღვანელები?  
- ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, თანახელმძღვანელი კი - მე ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მუდმივად ცვლის იმ სტანდარტებს, რომელთაც თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს. ისტორიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაში ჩავრთეთ მთელი საქართველოს მასშტაბით დარგის აღიარებული სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ ფუნდამენტური კვლევები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მიმართულებით. პროგრამა შევადარეთ როგორც საქართველოში, ისე ევროპაში არსებულ მსგავს პროგრამებს, გავიზიარეთ უცხოელი კოლეგების რჩევები. აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე პროგრამამ უპირობო მხარდაჭერა მოიპოვა, შესაბამისად პროგრამას მიენიჭა სრული შვიდწლიანი აკრედიტაცია. მიღწეულით ტკბობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ეტაპობრივად დანერგვა ჩვენს უნივერსიტეტში. 

- რამ განაპირობა პროგრამის წარმატება, რა განასხვავებს მას სხვა უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამებისაგან, რა ქმნის მის სპეციფიკას, რა არის ის, რის გამოც შეიძლება აბიტურიენტმა უპირატესობა მიანიჭოს ჩვენს უნივერსიტეტს და აქ ისურვოს ჩაბარება?  
-ჩვენი პროგრამის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები (სმარტდაფები და სხვ.), სტუდენტთა ინტერესების მუდმივად გათვალისწინება და სხვა. სასიხარულოა, რომ სამეცნიერო პროდუქტიულობით გამორჩეული ჩვენი აკადემიური პერსონალის სახელმძღვანელოებითა და მონოგრაფიებით მიმდინარეობს სწავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითისთვის პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, აკადემიკოს როინ მეტრეველსა და პროფესორ ვახტანგ გურულს დავასახელებ. უფროსი თაობის აკადემიურ პერსონალს სასემინარო მუშაობისას ახალგაზრდა კადრები ეხმარებიან. შესაბამისად შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ დროთა განმავლობაში უნივერსიტეტისთვის თაობათა ცვლის პროცესი კანონზომიერად და უმტკივნეულოდ მოხდება. ჩვენი მიზანია სტუდენტების სრულფასოვნად მომზადება როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ისე შემდგომი პედაგოგიური საქმიანობისათვის. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა, რათა კურსდამთავრებულებმა ადვილად შეძლონ კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან და დაიცვან საკუთარი პოზიციები დისკუსიაში. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო საინფორმაციო ომში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდა ისტორიკოსებმა უნდა თქვან. 

-  უნივერსიტეტში სალექციო სწავლებასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ მუშაობას. რა აქტივობებს სთავაზობთ სტუდენტებს?
- მუდმივ დიალოგში ვართ სტუდენტებთან და ვარკვევთ მათი პროფესიული ინტერესების სფეროს. ეს ინტერესი აპირობებს ღონისძიებების შინაარსსა და ფორმას. სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ვადგენთ განსახორციელებელი აქტივობების ნუსხას, რომელსაც სასწავლო პროცესის დამხმარე ფუნქცია ენიჭება. სემესტრის განმავლობაში იმართება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩებთან თუ ცნობად სახეებთან შეხვედრები, შემოქმედებითი საღამოები, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები. გვაქვს ასევე გასვლითი ღონისძიებები, როდესაც საქართველოს მასშტაბით ვსტუმრობთ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს. უნივერსიტეტის დაფინანსებით პირველკურსელებისა და წარჩინებული სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ეწყობა ექსკურსია საქართველოს სხვადასხვა მხარეში. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ ხშირ შემთხვევაში ინიციატივა სტუდენტების მხრიდან მოდის და ისინი თავად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. მაგალითად, ჩვენი პროგრამის სტუდენტები ეხმარებიან საჯარო სკოლის პედაგოგებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ჩვენმა რექტორმა ერთ-ერთი საჯაროს სკოლის დირექტორისგან მადლობის წერილიც მიიღო. 

- რა სახის სტიპენდიები გაიცემა ისტორიის მიმართულებაზე და რა შემთხვევაში ენიშნება იგი სტუდენტს?  
- არსებობს ორი საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია - „წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის“ და „უწმიდესის და უნეტარესის, ილია მეორის სახელობის“, ცალკეა სკოლის სტიპენდიები. საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია ენიშნება უნივერსიტეტის მასშტაბით საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორ სტუდენტს. სკოლაში გვაქვს ათი სტიპენდია, რომელიც სპეციალობების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. ისტორიის სპეციალობაზე ორი სტიპენდიაა დაწესებული, რომელიც ეძლევა სტუდენტს მთელი სემესტრის განმავლობაში, ანუ ექვსი თვე. სტიპენდიის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა მაღალი აკადემიური მოსწრება ე.წ. „ფრიადი“, თანაბარი ქულების შემთხვევაში ყურადღება ექცევა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებს. სტიპენდიანტობა, დამეთანხმებით, დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად სემესტრის განმავლობაში სტიპენდიანტთა ეგიდით რამდენიმე აქტივობა ხორციელდება. გასულ სემესტრში სტიპენდიანტებმა სტიპენდიიდან შეგროვილი თანხით თბილისში ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს აღმოუჩინეს მცირე დახმარება. მსგავსი საქველმოქმედო აქციები ჩვენთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. 

- ჩვენი უნივერსიტეტი გამორჩეულია სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვით, როგორია თქვენს პროგრამაზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?
- დასაქმება არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ვცდილობთ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. უნივერსიტეტში შექმნილია სამსახური, რომელიც მუდმივად აწვდის კურსდამთავრებულებს ინფორმაციას გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მაგისტრალური ხაზია საკუთარი კურსდამთავრებულების უნივერსიტეტში დასაქმება სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე, რომელთა შორის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებიც არიან. ის სტუდენტები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს შემდეგ საფეხურებზე და მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას. გარდა ამისა, საამაყოა, რომ ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში. მათ ჩვენი ღირსეული უფროსი თაობის ღირსეულ შემცვლელებად მოვიაზრებთ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია