ქართველოლოგიის ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელი: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

ქართველოლოგიის ცენტრი არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან; იგი არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის წერილი #903; 08.09.2010) ქართველოლოგიის ცენტრი შექმნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭომ (სხდომის ოქმი #1; 11.10.2010). ქართველოლოგიის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით. ცენტრს აქვს თავისი ლოგო და ბლანკი.

ქართველოლოგიის ცენტრის საარსებო ფინანსური წყაროა საბაზო და პროგრამული დაფინანსება; ასევე, ქართველოლოგის ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ სხვადასხვა ფონდებიდან მოძიებული გრანტები, სპონსორთა საქველმოქმედო თანხები და ცენტრის გამოქვეყნებულ შრომათა/მასალათა შემოსავალი (ჰონორარი).

ცენტრის მისია:

ქართველთა დედაენის (სტანდარტული ენისა და მისი სახესხვაობების), ისტორიისა და ტრადიციული კულტურის (წერილობითი თუ ზეპირი) საფუძვლიანი შესწავლა, ქართველთა ერთ ისტორიულ დედაენაზე ორიენტირებული ქართველოლოგიის განვითარება, მეცნიერული ქართველოლოგიის ძირითადი დებულებების ჩამოყალიბება თანამედროვე (საერთაშორისო) დეფინიციებისა და ტერმინოლოგიის გათვალისწინებით; ამ დებულებების გავრცელება საერთაშორისო ქსელში (აქტიური თანამშრომლობა როგორც უცხოელ ქართველოლოგებთან, ასევე, ზოგადად: ეთნოლოგებთან, ლინგვისტებთან, კულტუროლოგებთან, ისტორიკოსებთან, თანამედროვე ენციკლოპედიების სარედაქციო კოლეგიებთან).

ცენტრის მიზნები:

ქართველთა ენობრივი სამყაროს, ისტორიული ონომასტიკის, ეთნოგრაფიული თავისებურებების, ისტორიის ცალკეული პრობლემებისა და ზეპირსიტყვიერების კვლევა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვივლდება საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ფარგლებში, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების კილოებსა და კულტურაზე; კერძოდ, ბოლო მონაცემებით საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა სულ მცირე 5 მილიონი ავტოქთონი ქართველი ცხოვრობს. საქართველოში, ბუნებრივია, არც საზღვარგარეთ არ არსებობს სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც კონცენტრირებულია საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები ავტოქთონი ქართველების კილოების (ლექსიკის, ფონეტიკური თუ მორფოლოგიურ-სინტაქსური თავისებურებების), მითოლოგიის, ეთნოგრაფიის... შესწავლასა და სწავლებაზე. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე აქტიური ასიმილაციური პროცესების გამო დაკარგვის დიდი საფრთხის ქვეშაა საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების დიალექტებიც, ეთნოგრაფიული თავისებურებანიც და ზეპირსიტყვიერებაც...

საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი მიზანია, შეისწავლოს საქართველოს ამჟამინდელი საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების (როგორც ავტოქთონი, ასევე, მუჰაჯირებისა თუ სხვა მიგრანტებისა) დიალექტები, ეთნოგრაფიული თავისებურებები და ზეპირსიტყვიერება და შექმნას დოკუმენტური მასალათა კორპუსი; შესაბამისად, კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდითა და "შეკრული წრის" პრინციპით მოხდება ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ენათმეცნიერული (დიალექტოლოგიური, ონომასტიკური, ეთნოლინგვისტური, სოციოლინგვისტური...) თვალსაზრისით დეტალური, მრავალფეროვანი და სანდო ემპირიული მასალის მოპოვება (ექსპედიციების დროს მასალა ჩაიწერება უახლესი მეთოდოლოგიითა და აპარატურით); ჩაწერილ დოკუმენტურ მასალას დაერთვის მეცნიერული კომენტარები, საჭიროების შემთხვევაში "პწკარედული" თარგმანიც ქართულ სალიტერატურო ენაზე. ამგვარი პრინციპით შეიქმნება ქართველური მასალის კომპიუტერული ბანკი.

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფოს გარეთ დარჩენილი ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე: ტაოში, შავშეთში, ლაზეთში, საინგილოში, ასევე, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შორის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ მოძიებულ მასალათა კორპუსი კარგი ბაზა იქნება უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საკურსო, სამაგისტრო თუ სადოქტორო თემებისათვის.

ქართველოლოგიის ცენტრი კოორდინაციასა და ორგანიზებას გაუწევს თემატურ საერთაშორისო ქართველოლოგიურ სემინარებსა და კოლოქვიუმებს, სადაც მოხდება თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების აპრობირება და უცხოელი ქართველოლოგების ინფორმირება; ასევე, უცხოელ და ქართველ სპეციელისტებს შორის კვლევის შედეგებისა და ინფორმაციების გაცვლა. 

ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია ახალი თაობის ქართველი და უცხოელი მკვლევრების შეხვდრებისა და ერთობლივი კვლევების ორგანიზება.

ქართველოლოგიის ცენტრის მიზანია ქართველოლოგიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის ხელშეწყობა ქართველური დიალექტების (მეგრულ-ლაზურის, სვანურის, ფერეიდნულის, ტაოურის, კლარჯულის, ხევსურულის და სხვ.), ქართველური ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების შესწავლის პროცესში.

ქართველოლოგიის ცენტრის მიზანია განმაზოგადებელი ხასიათის ქართველოლოგიური სამეცნიერო ნაშრომების შექმნა; უმაღლესი სასწავლებლებისთვის ქართველური ენათმეცნიერების,  ფოლკლორისა და ეთნოლოგიის  დარგებში მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება; ლინგვისტური და ისტორიულ-გეოგრაფიული რუკების დამზადება და სხვ. სამეცნიერო ნაშრომებისა და ქართველოლოგიური კრებულების გამოცემა, განხილვა,  პრეზენტაცია; ასევე, მიწოდება თანამედროვე (საერთაშორისო) ენციკლოპედიების სარედაქციო კოლეგიებისთვის.

ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია დისტანციური (საინტერნეტო) სწავლებით, ასევე, ორკვირიანი საზაფხულო შეხვედრების ორგანიზებით ქართველ და უცხოელ დაინტერესებულ პირთ შეასწავლოს (ან გააცნობს): ქართული სამწიგრნობრო ენისა და, ზოგადად, ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორია, ქართველური სამეტყველო ერთეულთა პრაქტიკული კურსი (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერხეული, ტაოური და სხვა ქართველური ენობრივი ერთეულები); ასევე: ქართველური ეთნოლოგიის, ქართველური მითოლოგიის, ქართველი ერისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების  ისტორიის, ქართველური კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი საკითხები... მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ცენტრის საველე ბაზებით, დაათვალიერონ საქართველოს ისტორიული და კულტურული ფასეულობები.

ქართველოლოგიის ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციას.

ქართველოლოგიის ცენტრს აქვს თავისი სამეცნიერო ორგანო: კოლხა ”ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები” (ქართველოლოგიური კრებული); ჟურნალში ნაშრომები იბეჭდება ფარული რეცენზირების გავლის შემდეგ.